112-ის ჩანაწერები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. 3 ავტომობილი, რომელიც პროგრამისტს სახლიდან გასვლის შემდეგ მიჰყვება, იდენტიფიცირებულია. საგამოძიებო უწყებამ დღეს ვიდეომტკიცებულებების მხოლოდ ის ნაწილი გაასაჯაროვა, რომელშიც ოპერატიული ავტომობილების გადაადგილება კონკრეტულ მონაკვეთზე ჩანს.
6-წუთიანი ვიდეომასალით პროკურატურა ადევნების ვერსიას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მანქანები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზეა. უწყების მტკიცებით, ავტომანქანები გაჩიანიდან "შავნაბადას" ბაზისკენ მიდიოდნენ, ბაჩალიაშილის ავტომობილთან კი ერთადერთი გადაკვეთის წერტილი რუსთავის გზატკეცილი იყო.
პროკურატურის ვერსიას თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ოჯახის ადვოკატი არ ემხრობა. ოჯახის ადვოკატი საიდუმლო გასასვლელზე საუბრობს, რომლითაც 3 ჯიპს მარტივად შეეძლო მაწევანში ჩასვლა. მიხეილ რამიშვილს ეს გარემოება დამატებით კითხვებს უჩენს.
სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ ტაბახმელიდან
უკავშირდება მაწევანს. ისე, რომ გადასასვლელი ძალიან მარტივი გზა არის, საიდანაც პირდაპირ მაწევანში ჩადის და ჯიპებს ძალიან მარტივად და თავისუფლად, ყველგან მავალი გზით შეეძლოთ ჩასულიყვნენ მაწევანში. აქედან გამომდინარე, მე კიდევ დამატებით ვსვამ კითხვებს: სად არის ჩანაწერები, საიდანაც ნათლად გამოჩნდება რა მარშრუტით, რომელი გრაფიკით გადაადგილდება რუსთავის სამხედრო ბაზიდან, თუ არსებობს რუსთავში, ამგვარი სამხედრო ბაზა, საიდანაც ეს 3 ჯიპი შედის შავნაბადას სამხედრო ბაზაზე,- ამბობს რამიშვილი.
საიდუმლო, მოკლე გზის არსებობაზე საუბრობს ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული ბაჩალიაშვილის დედაც.
ეს ტრაექტორია თამუნას მარტო უნდა გაევლო. უნდა შემოევლო მთელი მარნეული და ვითომ მარტო მიდიოდა თავის მოსაკლავად და მეტი არაფერი. სავარაუდოდ ესენი მოკლე გზით გადავიდოდნენ და იქ დახვდებოდნენ, - თქვა თეონა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურის განცხადების შემდეგ საპროტესტო აქციაც
დააანონსა. აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.