პროკურატურის მიერ გასაჯაროებულმა ვიდეო მასალამ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა. გარდაცვლილი პროგრამისტის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს, და რომ ამ საქმის შემსრულებელი თავად უსაფრთხოების სამსახურია.
ეგეთი მკვლელობა იცის სუსმა , ეგრე ხოცავენ. ვითომც არაფერი არ მომხდარა არჩევნებამდე წელავენ საქმეს. მაგრამ, არჩევნებამდე მივლენ? ვინც მაგათ ხმას მისცემს თავის შვილს ღუპავს. თავისი შვილის მკვლელს ხელს აფარებს და ტაშს უკრავს. ასე გამოდის, იმიტომ რომ, ეს უბედურება უკვე ყველას კარზეა მიმდგარი, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
დაღუპულის მამას კითხვის ნიშნებს უჩენს მისი შვილის უახლოესი მეგობრის, დეა კაპანაძის საქციელებიც და ეჭვობს, რომ შესაძლოა დეამ თამარის შესახებ სინამდვილე იცოდეს.
ყოველდღე ერთად იყვნენ და შვილივით ვუყურებდი მაგ გოგოს. ვთხოვ მოვიდეს და არ მოდის. აქამდე სხვანაირად ვფიქრობდი ახლა უკვე მისი ქცევები ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს,-თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურის განცხადების შემდეგ საპროტესტო აქციაც
დააანონსა. აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.