გაურკვეველ გარემოებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმეში ახალი ფიგურანტის თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო და ამბობს, რომ ის და თამარი სიღრმისეულად იცნობდნენ ერთმანეთს.
ჭანუკვაძის ჩვენება 5 გვერდიანია და ის ძირითადად მათ ურთიერთობას ეხება. ბაჩალიაშვილების ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე "როგორც შეყვარებული" არ არსებობს და თამარს სასიყვარულო ურთიერთობა არც მის თანამშრომელ, ნიკა გეჯაძესთან ჰქონია.
იმდენად სიღრმისეულად იცნობდნენ ერთმანეთს თვითმკვლელობის ფაქტი და ამასთან კითხვის დასმა განცვიფრებას იწვევს თემურის ჩვენებით. თემური იძახის, რომ ცოტა უცნაური და განსხვავებული აზროვნების გოგო არის, უნიჭიერესი და თავისებური ხასიათი გააჩნდა. მაგრამ უცნაურობა ყველა უჭკვიანეს ადამიანს გააჩნია - ეს თვითმკვლელობას არ ნიშნავს, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
საგამოძიებო უწყებამ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი - თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა.
ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის საქმეში უკვე თვეზე მეტია ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვლის შეყვარებული იყო.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.