გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავს. 23 წლის პროგრამისტის ოჯახი საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს.
დღე არ გავა, ვინმე არ მოკვდეს ისეა გამრავლებული კრიმინალი. ნუ დაელოდებიან იმას, უშუალოდ მაგათ ოჯახს როდის შეეხება ეს ყველაფერი. გამოვიდნენ, რამეთუ, ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის, - ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი.
დაღუპულის მშობლები საგამოძიებო უწყებასთან 2 საათისთვის იკრიბებიან. მოთხოვნები უცვლელია: საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირება, ობიექტური გამოძიება და ვიდეო ჩანაწერების და სატელიტური ფოტოების გასაჯაროება.
ოჯახი ეჭვობს, რომ სუს-ის ავტომობილები, რომლებიც გარკვეული პერიოდი ბაჩალიაშვილის მანქანას მიჰყვებოდნენ, ახალგაზრდა პროგრამისტის სიკვდილთან კავშირში არიან.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.