დაიწყება თუ არა გამოძიება ბაჩალიაშვილების სკანდალური განცხადების შემდეგ - ოპოზიციის შეფასებები

გამოქვეყნდა:

დაიწყება თუ არა გამოძიება ბაჩალიაშვილების სკანდალური და უმძიმესი განცხადების შემდეგ? როგორც გარდაცვლილი გოგონას დედა ამბობს, მისი შვილი, სავარუდოდ, გარკვეულ ტრანზაქციებში გამოიყენეს, ყარაბაღში იარაღის შესატანად, რის შემდეგაც ის მოიშორეს.

ოპოზიციის შეფასებით, ყველა ის კითხვა, რომელსაც ოჯახი ამ მიმართულებით სვამს, საგანგაშოა. "ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ყველა კითხვას პასუხი რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს.

რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი. ამ ქვეყანაში ძალიან, ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი და წილი საზოგადოების რიცხვი, რომელსაც რწმენა არ აქვს საერთოდ ამ საგამოძიებო ორგანოებში და ზუსტად, ეს განაპირობა იმან, რომ მთელი წლების მანძილზე, სამართალდამცავი უწყებები მხოლოდ და მხოლოდ ასრულებენ ერთ ფუნქციას - პოლიტიკურ რეპრესიას და არაფერი საერთო ამას დანაშაულის პრევენციასთან და გამოძიებასთან და დანაშაულის გახსნასთან არ აქვს, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ცნობისთვის, დღეს, 30 აგვისტოს ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. 

აქციაზე ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ  გარკვეულ ტრანზაქციებში, ყარაბაღში იარაღის შესატანად გამოიყენეს , რის შემდეგაც ის მოიშორეს. თეონა თამაზაშვილის თქმით თამარის სიკვდილი სწორედ უშიშროების სამსახურთან და იმ ქართველ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც იარაღის საერთაშორისო ვაჭრობით ხეირობდნენ.  

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი