ბაჩალიაშვილის დედა მის ახლობელზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის სკანდალურ საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. თამაზაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დეა კაპანაძე მის შვილთან სპეციალურად დაამეგობრეს და უკანონო საქმეში ჩაითრიეს.

შესაძლოა დეას გზითაც გავიდნენ ესეც საეჭვოდ  მეეჭვება, რომ დეას დამეგობრება რამდენიმე წლის წინ მოხდა თამუნასთან, სპეციალურად დაამეგობრეს დეა, რომ მერე ამის მიხედვით მოეხდინა ეს ყველაფერი, - ამბობს თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილის დედა "მთავართან" მის ახლობელზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს. ის რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს:

არის ასეთი ბიჭი შოთიკო ჭაბაშვილი, რომელიც მეხმარებოდა ჩემს დასახმარებლად აქციების მოსაწყობად ეს ბიჭი 2 დღეა არ შემხმიანებია, ჩემი წყაროებით გავიგე, რომ ამ ბიჭს მოუწყვეს პროვოკაცია, ვარკეთილის მეტროსთან მივიდა ვიღაცა შავგრემანი ბიჭი მივიდა და სთხოვა ტელეფონზე დამარეკინეო, გამოართვა ტელეფონი და აღარ დაუბრუნა, აღარ დაგიბრუნებო. შოთიკომ პოლიციაში განაცხადა და პოლიციის განყოფილებაში ის სცემეს, - ამბობს ბაჩლიაშვილის დედა. 

ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ის შოთიკო ჭაბაშვილს ვეღარ უკავშირდება. თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მიმართავს და ქართულ სამართალდამცავ უწყებებს უნდობლობას უცხადებს. თამაზაშვილი არ გამორიცხავს რომ მკვლელობის საქმე რუსულ კვალამდე მიდიოდეს.

ცნობისთვის, დღეს, 30 აგვისტოს ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციაზე ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ  გარკვეულ ტრანზაქციებში, ყარაბაღში იარაღის შესატანად გამოიყენეს , რის შემდეგაც ის მოიშორეს. თეონა თამაზაშვილის თქმით თამარის სიკვდილი სწორედ უშიშროების სამსახურთან და იმ ქართველ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც იარაღის საერთაშორისო ვაჭრობით ხეირობდნენ.  

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი