საგამოძიებო მასალები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა - ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების საქმეში სახალხო დამცველი კითხვის ნიშნებს ხედავს. ნინო ლომჯარიას თქმით, ის უახლოეს დღეებში გეგმავს დაღუპულის ოჯახთან შეხვედრას.

ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი საქმის მასალები. აქედან გამომდინარე, შეფასებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. მე ვხედავ, რომ ოჯახი სერიოზულ უკმაყოფილებებს გამოთქვამს გამოძიების მისამართით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა. იმედია, იქ იქნება ადვოკატიც, რომ სამართლებრივ საკითხებზეც ვისაუბრით. სახალხო დამცველსაც აქვს თავისი ლიმიტები, ამიტომ მნიშვნელოვანია შევჯერდეთ, როგორ და რა ფორმით შეიძლება ჩავერთო აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში, - განმარტავს ლომჯარია.

ცნობისთვის, გუშინ, 30 აგვისტოს ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციაზე ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ  გარკვეულ ტრანზაქციებში, ყარაბაღში იარაღის შესატანად გამოიყენეს , რის შემდეგაც ის მოიშორეს. თეონა თამაზაშვილის თქმით თამარის სიკვდილი სწორედ უშიშროების სამსახურთან და იმ ქართველ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც იარაღის საერთაშორისო ვაჭრობით ხეირობდნენ.  

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი