დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი უფლებადამცველი სახალხო დამცველს შეხვდნენ.
23 წლის პროგრამისტის ოჯახს იმედი აქვს, ომბუდსმენი საქმესთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს. დაღუპულის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, იგი მზადაა, სახალხო დამცველს გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს.
არანაირი პასუხი არ აქვს გამოძიებას არაფერზე. ექსპერტიზის დასკვნებიც კი თვის ბოლოს იქნებაო... ეს ხელოვნურად კეთდება, რომ არ ჩატარდეს გამოძიება, - ამბობს დაღუპულის დედა.
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი აღნიშნავს, რომ ოჯახი მუდმივად მოლოდინის რეჟიმშია, რაც დაუშვებელია.
ცნობისთვის, გუშინ, 30 აგვისტოს ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციაზე ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ გარკვეულ ტრანზაქციებში, ყარაბაღში იარაღის შესატანად გამოიყენეს , რის შემდეგაც ის მოიშორეს. თეონა თამაზაშვილის თქმით თამარის სიკვდილი სწორედ უშიშროების სამსახურთან და იმ ქართველ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც იარაღის საერთაშორისო ვაჭრობით ხეირობდნენ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.