ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ მეხსიერების ბარათს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ექსპერტიზას ბაჩალიაშვილების ოჯახი და მათი ადვოკატიც დაესწრება.
გარდა ამისა, ექსპერტიზა ჩაუტარდება ბაჩალიაშვილების სახლიდან ამოღებულ ინტერნეტის მოდემს.
ოჯახის უფლებადამცველის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის პასუხები, სავარაუდოდ, დღეს არ იქნება ცნობილი, რადგან გამოძიება ამით დაინტერესებული არაა.
ავტომობილში აღმოჩენილია გაურკვეველი "ფლეშკა". არა ის "ფლეშკა" რომელიც თამარს ჰქონდა გასაღებზე და რომელსაც დღემდე ვეძებთ... გამოძიებას რაც აინტერესებს, ის ვერსია დაუყოვნებლივ ხდება ცნობილი და დანარჩენი არ აინტერესებთ, - განმარტა რამიშვილმა.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციაზე ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ გარკვეულ ტრანზაქციებში, ყარაბაღში იარაღის შესატანად გამოიყენეს , რის შემდეგაც ის მოიშორეს. თეონა თამაზაშვილის თქმით თამარის სიკვდილი სწორედ უშიშროების სამსახურთან და იმ ქართველ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც იარაღის საერთაშორისო ვაჭრობით ხეირობდნენ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.