ჩაქვში სასტუმრო "ოაზისის" დამსვენებლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ. სასტუმრო, სადაც ამ დროისთვის 900 სტუმარი იმყოფება, დაიკეტა. მიზეზი კოვიდინფიცირებული ექიმია, რომელიც მედიკოსთა კონფერენციას ესწრებოდა. ახლა სასტუმროს ტერიტორიის დატოვება ეკრძალება ყველას - ეპიდკვლევები დაწყებულია. დამსვენებლებისთვის არავის განუმარტავს, რამდენ ხანს მოუწევთ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, დღეს სასტუმროს ეზო რამდენიმე საათით გაიხსნა. "ოაზისში" ჩაკეტილები ვარაუდობენ, რომ ამ დროს სასტუმრო რამდენიმე ათეულ ადამიანს დაატოვებინეს, მათ შორის კახა კალაძის სიდედრს, რომელიც მედიკოსთა კონფერენციის მონაწილე იყო. მას შემდეგ, რაც სასტუმრო ისევ ჩაიკეტა, შენობიდან გასული დამსვენებლების ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი კი დაუდგენელია სად იმყოფება.
"ოაზისის" დაკეტვამდე რამდენიმე საათით ადრე, ბათუმში საკონდიტრო "დონას" ორივე ფილიალი დაიკეტა. ინფიცირებულია 22 თანამშრომელი. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ტესტირება. მაშინ, როცა ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ამტკიცებდნენ, რომ სიტუაცია მართვადი იყო, დღის ბოლოს კოვიდ-19 სამარშრუტო ტაქსის მძღოლსაც გამოუვლინდა.
ის, რომ ხელისუფლება ბათუმში ვითარებას ვეღარ აკონტროლებს, გასული ღამის საიდუმლო შეხვედრამაც დაადასტურა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ბარებისა და კლუბების მეპატრონეები დაიბარა და ბიზნესმენებს სივრცეების დაკეტვა მოსთხოვა. ბარების მფლობელები ჩვენთან შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ დღეს მუშაობა შეწყვიტეს.
ბათუმში გასართობი სივრცეები რომ პრობლემას წარმოადგენს და ხელისუფლებამ ამ საიდუმლო შეხვედრით ბიზნესთან პრობლემა სიტყვიერად ვერ მოაგვარა, ახალი შეზღუდვების დაწესება ოფიციალურად დააანონსა ჯანდაცვის მინისტრმა.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ თბილისში კიდევ ერთი ახალი, ე.წ. "ნიკორას" კლასტერი გაჩნდა. ვირუსი მარკეტის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, საკარანტინე სივრცეში მათი 22 თანამშრომელია გადაყვანილი, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ახლა ე.წ. "ნიკორას" კლასტერის კონტაქტების დადგენა და კვლევა აუცილებელია.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არსებული კოვიდრეალობა ამ ეტაპზე ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ სჭირდება, თუმცა ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღის დაწყება უკვე დაანონსდა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა არც ზოგიერთი ქალაქის ჩაკეტვა გამორიცხა.