"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) ცესკო-ს განცხადებით მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და წარუდგინოს სასამართლოს, ასევე მიმართოს პარტიას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს აღნიშნული შინაარსის ვიდეორგოლების გავრცელება და დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარტიის Facebook-რეკლამა და საარჩევნო კლიპები მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას და შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.
"თითოეული რეკლამის საფასური 100-დან 200 დოლარამდე მერყეობს, ხოლო თითოეული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ Facebook მომხმარებელს მოიცავს. თითოეულ პოლიტიკურ რეკლამას წარწერის სახით ახლავს მოწოდება - 'დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო', ხოლო პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი, შემდეგი მოწოდებით გამოდის: „დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს", - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
ISFED-ში ამბობენ, რომ საარჩევნო რეკლამებში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები თურქეთს დაუძინებელ მტრად წარმოაჩენენ.
"საგულისხმოა, რომ 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, პატრიოტთა ალიანსმა, ბათუმი-სარფის მაგისტრალზე განათავსა სარეკლამო ბანერი, სადაც პარტიის დასახელების, მისი ლიდერების და საარჩევნო ნომრის გვერდით, გამოსახული იყო საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიად, ასევე, მონიშნული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ხოლო ოკუპანტად მითითებული იყო თურქეთი, რაც მიუთითებს პარტიის განზრახვაზე, პროვოკაციული ფორმით საქართველოსთვის რუსეთის თანაბარ მტრად წარმოაჩინოს თურქეთი და გააღვივოს მტრული განწყობები ამ უკანასკნელის მიმართ", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარტია "პატრიოტა ალიანსმა" საარჩევნო ბანერზე აჭარის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო. შესაბამისი ფოტო 29 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მოგვიანებით, ეს ბანერი "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ჩამოხია.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ანალიტიკურმა პორტალმა "დოსიემ" გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან ფინანსდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" თავდასხმა ოპონენტი პოლიტიკოსების დაკვეთაა.
ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.