რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვმა ჯერ ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში და Fox News-ის ყოფილ წამყვან, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში დასძინა, რომ ის განიხილავს მოლაპარაკებებს, თუ აშშ შეწყვეტს კიევისთვის იარაღის მიწოდებას.

"ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს", - თქვა პუტინმა 6 თებერვალს მოსკოვში მიცემულ ინტერვიუში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის ლიდერმა ინტერვიუ მისცა დასავლური მედიის ფიგურას მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო.

მან ერთ-ერთ მიზნად ისევ "დენაციფიკაცია" დაასახელა:

"ეს ნიშნავს ყველა სახის ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. თქვენ ამბობთ, რომ ჰიტლერი მრავალი წელია, 80 წელია მკვდარია, მაგრამ მისი მაგალითი ცოცხალია. ცოცხლები არიან ადამიანები, რომლებმაც გაანადგურეს ებრაელები, რუსები და პოლონელები. და პრეზიდენტი, დღევანდელი უკრაინის პრეზიდენტი, ტაშს უკრავს მას კანადის პარლამენტში".

ის გულისხმობს სექტემბერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ზელენსკის ვიზიტის დროს შეცდომით პარლამენტში SS-ის ჯარების ვეტერანის მიწვევისთვის. კანადის პარლამენტის სპიკერმა მას გმირი უწოდა, მოგვიანებით ამის გამო მან ბოდიში მოიხადა.

ტაკერ კარლსონმა ყურადღებით მოისმინა პუტინის არგუმენტები "დენაზიფიკაციის" შესახებ, მაგრამ მას არ უკითხავს რუსეთის პრეზიდენტისთვის მარიუპოლის საავადმყოფოსა და თეატრის დაბომბვის, კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის, ბუჩას ქუჩებში მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გაყვანის შესახებ და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებაზე.

"ჩვენ ვაცნობთ აშშ-ს ხელმძღვანელობას, რომ თუ თქვენ ნამდვილად გსურთ სამხედრო მოქმედებების შეჩერება, მაშინ უნდა შეწყვიტოთ იარაღის მიწოდება, მაშინ ეს ყველაფერი დასრულდება რამდენიმე კვირაში და ჩვენ შევძლებთ განვიხილოთ გარკვეული პირობები", - თქვა პუტინმა.

თუმცა, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უარყვეს რუსეთის მოთხოვნა ასეთი კაპიტულაციის შესახებ და არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რომელიმე მხარე მზად არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.

რატომ არ მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებმაც შეიძლება კონფლიქტი დაასრულოს, იკითხა კარლსონმა, პუტინი ამჯერადაც ამტკიცებს, რომ ყველაფერში დამნაშავე უკრაინის პრეზიდენტია, რომელმაც გამოსცა განკარგულება რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ. პუტინმა ზელენსკის "ურჩია" ეს განკარგულება გააუქმოს.

"ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. ჩვენ მუდმივად გვესმის: მზად არის თუ არა რუსეთი? დიახ, ჩვენ არ გვითქვამს უარი! მათ [უკრაინამ] საჯაროდ უარი თქვეს. დაე, გააუქმოს თავისი განკარგულება და დაიწყოს მოლაპარაკება. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი", - გაიმეორა მან.

ამავე ინტერვიუში მან ამერიკელებსაც მიმართა: "სჭირდება თუ არა შეერთებულ შტატებს ეს კონფლიქტი? რისთვის?" მისი თქმით, ეს ამერიკის ტერიტორიიდან ათსობით მილის დაშორებით ხდება, ამერიკას კი პრობლემები აქვს საზღვარზე, მიგრაციასთან და ეროვნულ ვალთან დაკავშირებით - "არ ჯობია რუსეთთან შეთანხმება?"

მან ასევე თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები "გამოსწორდება".

"ეს გაუთავებელი მობილიზაცია უკრაინაში, ისტერია, საშინაო პრობლემები, ადრე თუ გვიან ეს გამოიწვევს შეთანხმებას. იცით, ეს ალბათ უცნაურად ჟღერს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ ხალხებს შორის ურთიერთობა კვლავ აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ გამოჯანმრთელდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი