გამოვლენილია რუსული პროპაგანდისტული ქსელი Portal Kombat | საფრანგეთი კრემლს დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის სამთავრობო სააგენტო VIGINUM-მა, რომელიც  მუშაობს საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დაქვემდებარებაში, უცხოური ციფრული ჩარევისგან დასაცავად, განაცხადა, რომ აღმოაჩინა რუსული ვებსაიტების ქსელი, რომელიც შექმნილია დასავლეთში კრემლის პროპაგანდის გასავრცელებლად.

სააგენტომ აღნიშნა, რომ ეს "სტრუქტურირებული და კოორდინირებული" ქსელი - Portal Kombat - მოიცავს 193 ვებსაიტს, რომლებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ავრცელებენ პრორუსულ შინაარსს, რომელიც მიმართულია დასავლური (აშშ და ევროპა) აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას.

ზოგიერთი მათგანი დომენის სახელად იყენებს სიტყვას "პრავდა/pravda" - მაგალითად pravda.en.com ინგლისურად ან pravda.fr.com ფრანგულად.

2023 წლის 23 ივნისიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ამ საიტებზე გამოქვეყნდა 150 ათასზე მეტი მასალა და პოსტი, ძირითადად რუსული და პრორუსული მედიის შინაარსის "რეპოსტი".

საინფორმაციო სააგენტო AFP-თან საფრანგეთის დიპლომატიური წყარო ამბობს, რომ ქსელის მთავარი მიზანი იყო რუსეთის ომის გამართლება უკრაინაში. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ პუბლიკაციების შინაარსში იყო "ძლიერი იდეოლოგიური მიკერძოება" და "აშკარად ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ისტორიები". 

VIGINUM-ის წარმომადგენლების თქმით, ზოგიერთმა შინაარსმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს საფრანგეთის ფუნდამენტურ ინტერესებს. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ პორტალ Kombat-ზე აქტივობა გაიზარდოს უახლოეს მომავალში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი