"მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ", - ამის შესახებ
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საუბრობს. ამბობს, რომ ოფიციალური კიევი თბილისის პასუხს ელოდება.
ტექნიკა ომში მყოფ ქვეყანას რუსეთისგან დაბომბილი ინფრასტრუქტურის აღსადგენად სჭირდება. მისი თქმით, ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, რა ტიპის დახმარებას გაუწევს ომში მყოფ ქვეყანას, ჰუმანიტარულს, ფინანსურს თუ სამხედროს. ახლა კი კიევი საქართველოს გადაწყვეტილებას ელოდება.
მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობების მსგავსად, ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობასაც. ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია უკრაინისთვის დახმარების გაწევა. ზოგი ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი ფინანსურს, ზოგი სამხედრო დახმარებას, ზოგი კი იარაღს გვაწვდის. მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ მათ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, რადგან იმ პირობებში, როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ტერიტორიების გასუფთავება. როგორც ვიცი, ამ ყველაფერს განიხილავს ქართული მხარე და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივიღებთ პასუხს, - თქვა მან.