"ჩვენ ვნახეთ ეს დარტყმა. ხედავთ ვისთან გვაქვს საქმე," - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში რუსების მიერ მისსა და საბერძნეთის პრემიერმინისტრის კორტეჟებზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობას.
"ჩვენ დღეს ვნახეთ ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, არ აინტერესებთ, სად დაარტყამენ. მე ვიცი, რომ დღეს იყო მსხვერპლი, ჯერ არ ვიცი ყველა დეტალი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები... უპირველეს ყოვლისა უნდა დავიცვათ თავი. ამის საუკეთესო გზა საჰაერო თავდაცვის სისტემაა," - განაცხადა ზელენსკიმ.
საბერძნეთის პრემიერმინისტრმა მიცოტაკისმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სანამ საჰაერო თავდასხმის სირენების ხმას გაიგონებდნენ, ზელენსკიმ მას ოდესა დაათვალიერებინა.
"მანქანებში ჩასხდომიდან მალევე დიდი აფეთქების ხმა გავიგეთ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის საუკეთესო, ყველაზე ნათელი შეხსენებაა იმისა, რომ აქ ნამდვილად ომი მიმდინარეობს. ყოველდღე არის ომი, რომელიც არა მხოლოდ ფრონტზე ჯარისკაცებზე მოქმედებს, არამედ ის ჩვენ უდანაშაულო თანამოქალაქეებს ეხება." - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო. ჟურნალისტების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა.
იხილეთ ასევე: