
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ვაშინგტონს სჯერა უკრაინის გამარჯვების და მოუწოდა უკრაინელებს, სჯეროდეთ აშშ-ს მცდელობების უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების პაკეტის მიწოდებაზე.
ამ თემაზე მან გუშინ, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ, რომ გვჯერა თქვენი. გვჯერა, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააშენებთ ნათელ მომავალს უკრაინელი ხალხისთვის, უფრო ძლიერ დემოკრატიას, სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მოიგეროს მომავალი აგრესია. და ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი ყოველ ნაბიჯზე. [...]
უნდა გჯეროდეთ შეერთებული შტატების. ჩვენ ვიდექით თქვენს გვერდით ამ ომის დაწყების დღიდან. ჩვენ უზარმაზარ მხარდაჭერას ვუწევდით და გავაგრძელებთ ამას ყოველ დღე, ყველანაირად, რაც შეგვიძლია."
სალივანის თქმით, იცის რომ არსებობს კითხვები კონგრესის მერყეობაზე დახმარების პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით, რომელსაც უკრაინა ნამდვილად იმსახურებს და "რისთვისაც პრეზიდენტი ბაიდენი ყოველდღე იბრძვის".
"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამას მივაღწევთ", - თქვა სალივანმა.