დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდამსხმელები ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილზე საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებიან. მათზე წესით ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ადვოკატების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ძებნილები იყენებენ საბანკო ბარათებს და ახორციელებენ ნოტარიულ აქტებს.
საჯარო რეესტრისა და იუსტიციის სახლის ამონაწერები მოწმობს, რომ მაგალითად, მენაბდიშვილი უწყებაში სამჯერ იმყოფებოდა, ერთი მიმდინარე განცხადებაა რეგისტრირებული იუსტიციის სახლში, რომელიც მარტის თვით თარიღდება.
ყოფილი მერის ადვოკატი პროკურატურას მიმართავენ მათ უწყებას დოკუმენტები მტკიცებულებების სახით წარუდგინეს. უფლებადამცველი ითხოვს იუსტიციის სახლიდან და ისანში მდებარე სანოტარო ბიუროდან კამერების ჩანაწერების ამოღებას და ძებნაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ დაკავებას.
"მათ პირადობის მოწმობებიც არ აქვთ შეჩერებული, არც ერთს, არც საბანკო ანგარიშებზე ყადაღები, საერთოდ არანაირი ღონისძიება არ ხორციელდება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და აღსრულებისათვის. რასაც ვაცხადებდი, რომ ეს ადამიანები მოქმედებდნენ "ქართული ოცნების" დავალებით და ქართული ოცნების დავალებების აღმსრულებლები არიან და ის ინდულგენციები ზუსტად ამ დავალების აღსრულების გამო ეძლევათ რომელიც თავის თავში მოიცავს არდაკავებებს და კომფორტული გარემოს შექმნას საქართველოში. ქართული ოცნების ზონდერბრიგადის ხელმძღვანელები იყვნენ 2021-2020 წლებში", - ამბობს ყოფილი მერი, გიორგი ტატუაშვილი.
ადვოკატის თქმით, აქვთ უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ "ძებნილმა პირმა, ორჯერ გააფორმა სანოტარო აქტი, გაასხვისა თავისი უძრავი ქონება, ცვლილება შეიტანა კომპანიის წესდებაში, წილი გაასხვისა, დირექტორი შეცვალა, ანუ ჩვეულებრივ გარიგებას ასრულებს როგორც სამოქალაქო, თავისუფალი პირი". მისი თქმით, ამით დასტურდება, რომ ძებნა ფორმალურია.
დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის ფაქტზე კობა მენაბდიშვილსა და ზურაბ ოკმელაშვილს ბრალი დაუსწრებლად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინათ.
შეგახსენებთ, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს 1-ელ ნოემბერს დაესხნენ. ავტომანქანით გადაადგილების დროს მას რამდენჯერმე ესროლეს. ტატუაშვილი ტყვიას შემთხვევით გადაურჩა. მან იმავე დღეს დაასახელა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი. "მთავარმა არხმა" თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალაც გაასაჯაროვა.