ბევრ საკითხში ვიყავით ზედმეტად ხისტი, ზოგჯერ უსამართლო, ეს ტენდენცია გაუარესდა - სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მიზანი ქვეყანაში მშვიდობისა და წარმატების მიღწევაა, რაც სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სააკაშვილის განმარტებით, ბევრ საკითხში "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხისტი და ზოგჯერ უსამართლოც, ეს ტენდენცია კი გაუარესდა და გაგრძელდა. ამ თემაზე სააკაშვილმა სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

მე ვიცი, რომ ჩვენ დროსაც ბევრი პრობლემა იყო ამასთან მიმართებაში. ბევრ რაღაცაში ჩვენ ვიყავით ზედმეტად ხისტი, ზოგჯერ უსამართლო და შემდეგ ეს ტენდენცია გაუარესდა და გაგრძელდა. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შემოვაბრუნოთ, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის განმარტებით, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, რამდენიმე საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას: 

  • პოლიცია მხოლოდ ფორმალურად უნდა დარჩეს შს სამინისტროს შემადგენლობაში და მისი ხელმძღვანელი კონკურსით უნდა აირჩეს. არჩეული პირი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მას ოპოზიციის მინიმუმ 1/3 უნდა უჭერდეს მხარს.
  • სასჯელაღსრულების სისტემა უნდა გამოეყოს იუსტიციის სამინისტროს. სააკაშვილის განმარტებით, მათ შორის შეიძლება მხოლოდ ფორმალური ბმა დარჩეს. უწყების ხელმძღვანელიც პარლამენტში ხმების უმრავლესობით უნდა აირჩეს და ოპოზიციის მესამედმა დაუჭიროს მხარი.
  • უზენაეს სასამართლოში უნდა მოიწვიონ უცხოელი მოსამართლეები მუდმივ სამუშაოზე.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მზადაა ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდეს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, ქვეყანაში კი მაშინ დაბრუნდება, როცა მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას არ გამოიწვევს. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 7 სექტემბერს დაასახელა.

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი