მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობაზე თანხმობას ქართველი პოლიტიკოსები არაერთგვაროვნად აფასებენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სააკაშვილმა გუშინდელ მიმართვაში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დეტალური გეგმა წარმოადგინა. სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ქვეწყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას კანონმდებლობა არ უკრძალავს.
სააკაშვილის ხედვა, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, ზუსტად ეხმიანება იმ პრობლემებს, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს. ეს არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა და ზოგადად, ქვეყანაში ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ვინმეს მიერ, - ამბობს სამადაშვილი.
განსხვავებული მოსაზრება აქვს "ევროპული საქართველოს" წევრ სერგი კაპანაძეს. მისი შეფასებით, სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა არარეალისტურია და მხოლოდ მდიდარ სახელმწიფოშია შესაძლებელი მისი გეგმების განხორციელება.
ჩვენ, სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ მისი ხედვა, როგორი არის მდიდარი საქართველო. ეს ყველას კარგად აქვს წარმოდგენილი. არ არის კონკრეტული გზები რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, საკმარისი არ არის, - განმარტავს კაპანაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი თაობის პოლიტიკოსები სჭირდება, თუმცა, თუ იგი პრემიერი გახდება, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდება და სააკაშვილს მიეცემა სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.
საქართველოს სჭირდება ახალი თაობის პოლიტიკოსები, ახალი თაობის ადამიანები, ვინც გაუძღვებიან ქვეყანას... როცა მე გავხდები ქვეყნის პრემიერმინისტრი, დავამთავრებთ ანგარიშსწორებას და რევანშს ამ ქვეყანაში. მასაც ექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდეს ქვეყანაში, - ამბობს იგი.
"კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგური კი მიიჩნევს, რომ ხალხის ნებაა, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში. შესაბამისად, პოლიტიკოსების საუბარი, თუ როგორ მოიქცევიან მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, ნაადრევია.
ყველა პარტია, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოვა, ან მთავრობას თვითონ დააკომპლექტებს და ა.შ. ჯერ მარტივად გადაწყვიტოს ქართველ ხალხს რა მოსაზრება აქვს. დაელოდოს 31 ოქტომბერს. მიხეილ სააკაშვილი, ფაქტია, რომ 7 წლის განმავლობაში, აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. იმ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, რომლის მოქალაქეობაზეც სასწრაფოდ თქვა უარი როგორც კი უკრაინაში წავიდა, - განმარტავს ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდეს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, ქვეყანაში კი მაშინ დაბრუნდება, როცა მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას არ გამოიწვევს.
"ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.