ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კორონაპანდემიის შემდეგ სულ რამდენჯერმე გამოჩნდა თავყრილობებზე, დღეს სიტყვით გამოვიდა ქართული ოცნების პრორპორციული სიის პირველი 20-ეულის პრეზენტაციაზე. ოლიგარქმა თქვა, რომ "ოცნება", "თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული".
აღსანიშნავია, რომ ოლიგარქს "ქართული ოცნების" მიღწევები არ დაუკონკრეტებია.
აქვე, ივანიშვილმა დაპირებები გასცა უკეთეს მომავლაზე, წინსვლასა და იმაზე, რომ ქვეყანას აღარ ჰყავდეს არცერთი სოციალურად დაუცველი:
"საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა; სადაც სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ; სადაც თითოეულის წარმატებისთვის თანაბარ პირობებს ქმნიან; სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით.
ჩვენი პარტია ამ გზას ადგას და პირობას გაძლევთ, კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი თითოეული თქვენგანი იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ იყო. საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე გუშინ იყო. უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები. ეკონომიკური წინსვლა იყოს ყველასთვის თვალსაჩინო და ხელშესახები. შევძლოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე. ჩვენ ამას შევძლებთ. და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს აქაა წარმოდგენილი. თითოეული თქვენგანი მზადაა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და ხალხი და ქვეყანა განსაცდელს აარიდონ"
ივანიშვილმა დღევანდელ გამოსვლაში ასევე თქვა, რომ მას უპირობო გამარჯვების იმედი აქვს და რომ იმ გზას, რომელიც მიზნამდე მიიყვანს მათ, "სწორ და თანმიმდვრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები".
შეგახსენებთ, თავად ბიძინა ივანიშვილი სიაში არ არის. სიის პირველი ნომერი კი გიორგი გახარიაა, მას მოსდევს არჩილ თალაკვაძე, ხოლო სიის მესამე ნომერი გადაყენებული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა.
დღესვე გავიგეთ, რომ პრემიერი გახარია - კვლავ პრემიერობის კანდიდატია, პარლამენტის თავმჯდომარე - კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი.
სიაშია ასევე მოქმედი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ამაევ სიაში არიან კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.