ბელგიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერთან, ალექსანდრე დე კროოსთან ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ.
"დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ბელგიამ წელს უკრაინას გამოყოს მინიმუმ 977 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება. ასევე ბელგიის ვალდებულებას, უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა შეთანხმების ათწლიანი ვადის განმავლობაში.
პირველად, ასეთ ხელშეკრულებაში მითითებულია F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების ზუსტი რაოდენობა - 30 - რომელიც უკრაინას 2028 წლამდე მიეწოდება, პირველი უკვე წელს ჩამოვა", - წერს ზელენსკი X-ზე.
შეთანხმება უზრუნველყოფს უკრაინის დროულ დახმარებას უსაფრთხოების, ჯავშანტექნიკის, უკრაინის საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის საჭიროებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, დახმარებას საზღვაო უსაფრთხოებისა და ნაღმების გაწმენდაში, საარტილერიო საბრძოლო მასალის მომარაგების კოალიციაში მონაწილეობას და სამხედრო წვრთნაში დახმარებას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თავდაცვის სექტორში თანამშრომლობას, ბელგიის მხარდაჭერას უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მიმართ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას და დახმარებას ეკონომიკის აღდგენაში.
ორმხრივ შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ ხელი მოაწერა ესპანეთთან. სავარაუდოა, რომ ზელენსკი ბელგიიდან პორტუგალიაში ჩავა.