რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ისაუბრა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მთავარ პირობებზე ომის დასასრულებლად. პუტინი ამბობს, რომ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქსების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები უნდა გავიდნენ და კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას.
"როგორც კი კიევი გამოაცხადებს, რომ მზად არის და დაიწყებს ჯარების რეალურ გაყვანას და ასევე განაცხადებს უარს ნატოში გაწევრიანებაზე, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვუცხადებთ ცეცხლის შეწყვეტას და დავიწყებთ მოლაპარაკებებს", - თქვა პუტინმა.
მისივე მტკიცებით, რუსეთი გარანტიას იძლევა, რომ უკრაინის ქვედანაყოფები უსაფრთხოდ გავლენ ჩამოთვლილი ტერიტორიებიდან.
პუტინის თქმითვე, საუბარია არა კონფლიქტის გაყინვაზე, არამედ მის საბოლოო დასრულებაზე.
"საერთაშორისო ხელშეკრულებებით უნდა დაფიქსირდეს ძირითადი შეთანხმებები, ბუნებრივია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებაც", - თქვა მან.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების ფარგლებში, რუსეთი მოითხოვს უკრაინაში "რუსულად მოსაუბრეების უფლებების უზრუნველყოფას".