შვეიცარიაში მიმდინარე უკრაინის მშვიდობის სამიტზე იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაცვა ნიშნავს წესების იმ სისტემის დაცვას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო საზოგადოებას და იცავს ყველა ერს.
"ძვირფასო კოლეგებო, "მშვიდობა" არ ნიშნავს კაპიტულაციას, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი როგორც ჩანს თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს. მშვიდობის ცნების აღრევა დამორჩილებასთან სახიფათო პრეცედენტს შექმნის ყველასთვის", - თქვა მან.
ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ G7-ის ბოლო სამიტმა, რომელსაც იტალია ხელმძღვანელობდა, მისი აზრით, საკმაოდ ძლიერი გადაწყვეტილებები მიიღო - კერძოდ, რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ.
მისი თქმით, იტალია აპირებს ყველაფერი გააკეთოს შესაძლებლობების ფარგლებში, რათა უკრაინის მშვიდობიანი, თავისუფალი მომავალი რეალობად იქცეს. მან მიმართა უკრაინის პრეზიდენტს და თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს დასავლეთის იმედი.