რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან ონლაინ თათბირს მართავს. რაზე მიმდინარეობს საუბარი, ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებულ კადრებში ისმის ის, რომ პუტინი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს ამხნევებს.
ამ დრომდე კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ პოზიციებს იმაგრებენ. ბრძოლები რამდენიმე მიმართულებით გრძელდება.
მანამდე ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები, რომლებმაც გააანალიზეს შეგროვებული მონაცემები, წერდნენ, რომ უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაიწიეს.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინის ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზეა შესული. ISW-ს თანახმად, კურსკის რეგიონში უკრაინის წინსვლის ამჟამად დადასტურებული მასშტაბები და მდებარეობა მიუთითებს, რომ სამხედროებმა გაარღვიეს სულ მცირე რუსეთის თავდაცვის ორი ხაზი და ერთი საყრდენი პუნქტი.
"რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ იპოვონ ბალანსი უკრაინის მხრიდან ამ ძალისხმევის თვალსაჩინო ესკალაციად წარმოჩენას, მათი პოტენციური შედეგების გაზვიადების თავიდან აცილებასა და შიდა უკმაყოფილების საფრთხეს შორის", - აღნიშნავენ ექსპერტები.