გვიან ღამემდე მარნეულის პოლიციაში იკითხებოდნენ, ის ჟურნალისტები და ოპერატორები, ვისაც კორესპონდენტ ჯეიჰუნ მუჰამედ ალისთან ერთად მარნეულში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბაჩო ტურაშვილი ამბობს, რომ პოლიცამ თავდასხმისას არანაირი ზომა არ მიიღო.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და შტაბის წევრების მხრიდან მოხდა "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე და ჯგუფზე თავდასხმა. პოლიციამ, რომელმაც არაფერი არ მოიმოქმედა არანაირი ზომა არ მიიღო. მე თვითონ მივმართე პოლიციას, რომ დაეწყოთ გამოძიება ამ ფაქტზე წარვუდგინე ჩემი მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, იქ არის კამერები კიდევ, რაც ვიცი, რაზეც მაქვს ინფორმაცია, - თქვა ბაჩო ტურაშვილმა.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის და ოპერატორების ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება რამდენიმე მუხლით არის დაწყებული, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტზე.
შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.
მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.