აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის საკითხზე ძალიან კარგი შეხვედრები ჩატარდა.
როგორც ტრამპმა სააღდგომო ღონისძების დროს ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს "ძალიან კარგი" შანსები რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების დადებისთვის. ტრამპის მტკიცებით, ყველა მხარე მოლაპარაკებებით დაინტერესებულია.
ამასთან, ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმების დეტალებს მომდევნო 3 დღის განმავლობაში სრულად გაასაჯაროებს.
"ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის საკითხზე. არსებობს ძალიან კარგი შანსი", - თქვა ტრამპმა.
მანამდე, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ.
ცნობისთვის, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. მოგვიანებით, რუსეთმა უკრაინის არაერთი ოლქი დაბომბა. ცეცხლი გაუხსნა საევაკუაციო ავტოკოლონასაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამეს განაცხადა, რომ რუსეთმა "სააღდგომო ზავი" ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ 2935-ჯერ დაარღვია.