
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, არაიკ ჰარუთინიანი, მსოფლიო ლიდერებს აზერბაიჯანის გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ გააქტიურიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიმდინარე დაპირისპირებაში მთიანი ყარაბაღი და სომხეთი "გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე არიან".
ჰარუთინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანში "ჯიჰადისტური ტერორისტული ქსელი გააქტიურდა, რაშიც თურქეთის როლი საკმაოდ დიდია".
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ამ შემზარავი ტერორისტული ქსელის სამიზნე ყარაბაღში და სომხეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობაა. თურქეთი აგრძელებს ტერორისტული ქსელის უწყვეტ მხარდაჭერას და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიაში გლობალური ტერორიზმის ახალი კერის შესაქმნელად იყენებს... მსოფლიო სახელმწიფოებს დიდი როლი აკისრიათ თურქეთის შეკავებაში, რათა აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში გლობალური ტერორიზმის ცენტრად არ იქცეს. - წერს ჰარუთნიანი.
შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება, მთიან ყარაბაღში, 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა და ამ დრომდე გრძელდება.
სამხედრო დაპირისპირებაში აზერბაიჯანს მხარდაჭერას თურქეთი უცხადებს. სომხეთში კი ფიქრობენ, რომ თურქეთის გააქტიურების შემთხვევაში, დაპირისპირებაში რუსეთიც ჩაერთვება.