ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მთავარ პროკურატურასთან აქციის დაგეგმვისას მისი პირველი მიზანი ის იყო, რომ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს ხელისუფლების წინააღმდეგ თავი მარტო არ ეგრძნოთ.
მისი თქმით, ეს დაკავება იმ მოდელის გამოხატულებაა, რომელსაც ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ იყენებს. გამოძიება იწყება, მაგრამ ბოლომდე არასდროს მიდის და შედეგად, ზარალდებიან ადამიანები.
"არც ერთი არჩევნები არ ღირს ადამიანების ჯანმრთელობად და დღეს ამ ადამიანების ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ელენე ხოშტარია რუსულ ინტერესს უკავშირებს:
"გავიხსენოთ, როგორ მიზანმიმართულად და ხელოვნურად ავრცელებდა რუსეთი ტყუილებს დავითგარეჯთან დაკავშირებით. საზოგადოებას კარგად რომ ესმოდეს, არანაირი ხელშეკრულება, შეთანხმება, არანაირი მიწების გადაცემა-გადმოცემა არ მომხდარა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მუშაობს კომისია. წლების განმავლობაში გამოიყენება სხვადასხვა ტაქტიკა და ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებდით ამ რთულ რეგიონში ჩვენი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის ხაზს. თუ ვინმე შეცდომაში შევა ამ რუსული და „ქართული ოცნების“ პროპაგანდით, რომ ჩვენ რაღაცა დავთმეთ, ტყუილია. არანაირი ხელშეკრულება გაფორმებული არ არის."
ელენე ხოშტარია იხსენებს იმასაც, რომ ირმა ინაშვილმა, დავითგარეჯის საკითხის გამოძიების მოთხოვნა, რუსეთის დავალებით, ჯერ კიდევ გასულ წელს გააჟღერა.
"მათი მიზანია, დაგვაპირისპიროს ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, რომელიც ახლა კონფლიქტურ მდგომარეობაშია", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ, დავითგარეჯის საქმეზე, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ სამთავრობო კომისიის წევრებს ინფორმაცია დაუმალეს. საუბარია 1938 წლის რუკაზე, რომელიც, როგორც პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს, გამომძიებლებმა ნატალია ილიჩოვას კაბინეტში აღმოაჩინეს.