ვენეციის კომისიის კრიტიკულ განცხადებას, სადაც ისინი მწუხარებას გამოთქვამენ, რომ პარლამენტი არ დაელოდა კომისიის დასკვნას და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლები წერილის შინაარს სრულად იზიარებენ და ამბობენ, რომ "ოცნების" მიერ ფორსმაჟორულ რეჟიმში მიღებული კანონი, სასამართლო სისტემაში აქამდე არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებს.
ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ჩვენ ვხედავთ, რომ კლანისთვის მეტად მიზანშეწონილი იქნება, რომ მაქსიმალურად ჩქარა დასრულდეს ეს პროცესი, იმიტომ რომ მათ არ იციან რა შემადგენლობის იქნება საქართველოს პარლამენტი არჩევნების შემდეგ, - ამბობს "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.
"ვენეციის კომისიის დასკვნაში, ხაზგასმულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს საკმარისი ნდობა. მეორე მხრივ, აუცილებელია მეტი გამჭირვალობა, სასამართლო სისტემაში. ვენეციის კომისია არასაკმარისად აფასებს მათ გადადგმულ ნაბიჯებს და მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი მათ არ დაელოდა - თქვა გურო იმნაძემ, EMC-ის წარმოადგენელმა.
მართველი პარტიის ბოლო რეფორმას, საერთო სასამართლოების შესახებ, ოპოზიცია "სასამართლოს კუბოზე ბოლო ლურსმნად" აფასებს.
მიუხედავად უამრავი რეკომენდაციისა, "ოცნებამ" წინსწრებით გაიარა ის პროცესები, რაზეც ვენეციის კომისია, ამბობდა რომ არ შეიძლება, - ამბობს ხატია დეკანოიძე, „ენმ-ძალა ერთობაშიას“ ლიდერი.
"ოცნება" არ ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაზრებებს, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. "ქართულმა ოცნებამ" მისცა კლანს და ივანიშვილს შესაძლებლობა დანიშნოს მოსამართლეები ყველანაირი გამჭირვალობის გარეშე, - ამბობს სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოდან
მართველი გუნდი კი, ამბობს, რომ იცოდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნა ვერ მოუსწრებდათ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, რადგან "ოცნებას" უნდოდა სწორედ ამ მოწვევის პარლამენტს მიეღო ეს კანონი.
ირაკლი კობახიძის თქმით, მათ განუმარტეს ვენეციის კომისიას, რომ საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე მუშაობას კონრკეტულ დღეს ამთავრებდა.
ამ კანონის მიღება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ იყო უაღრესად მნიშნველოვანი, იმისათვის რომ სათანადოდ გაგრძელდეს პროცესები სასამართლო სისტემაში, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და დასვკანს პარლამენტის მსგავსად, არც იუსტიციის საბჭო დაელოდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ფორსირებულ რეჟიმში მაინც დაიწყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში, ოპოზიცია გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ხელისუფლება არ დაელოდებოდა ვენეციის კომისიას. მაშინ როცა, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმირებაზე საუბრისას თავს იწონებენ, 2012 წლის შემდეგ გატარებული ძირეული რეფორმებით.