დიდუბის 53-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

დიდუბის მერვე ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. თვითიზოლაციაშია გადასული კომისიის მდივანიც, რომელსაც ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ინფიცირებული არ აღმოჩნდა.

ამის შესახებ კომისიის წევრები არავის გაუფრთხილებია და მათ მხოლოდ უბანზე მისვლის შემდეგ შეიტყვეს რომ შენობაში ინფიცირებული დადიოდა. შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ უბანი პოლიკლინიკის შენობაშია განთავსებული, რომელსაც მუშაობა ასევე არ შეუჩერებია. სადეზინფექციო სამუშაოები არც პოლიკლინიკის შენობას ჩატარებია. 

ჩვენ ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე დევნილია, რომელიც იმავე შენობაში ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, მაცხოვრებლები მომხდარის შესახებ არავის გაუფრთხილებია. 

კომისიის წევრები და სხვა თანამშრომლები შენობაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ამ დრომდე ელოდებიან. 

13 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა9 კი გარდაიცვალა. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 207 აჭარიდანაა, 168 კი თბილისიდან. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 12 841
  • გამოჯანმრთელებულია - 6 867;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 102;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 590
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 393
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი