
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც, ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს დაუყონებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ეს მას შემდეგ რაც, 10 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმება მალევე ორივე მხარემ დაარღვია.
"დაუყონებვლივ გადადგან ნაბიჯები, რათა 10 ოქტომბრის მოსკოვის განცხადების შესაბამისად მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს" - წერია განცხადებაში.
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადება სრულად:
ჟენევა/მოსკოვი, 13 ოქტომბერი, 2020 - ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა (იგორ პოპოვმა რუსეთის ფედერაციიდან, სტეფანი ვისკონტიმ საფრანგეთიდან და ენდრიუ შოფერმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან) დღეს შემდეგი განცხადება გააკეთეს:
თანათავმჯდომარეები უკიდურესი მღელვარებით აღნიშნავენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ძალადობა გრძელდება. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლ პაშინიანს, დაუყონებვლივ გადადგან ნაბიჯები, რათა 10 ოქტომბრის მოსკოვის განცხადების შესაბამისად მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეგიონისათვის კატასტროფული შედეგები.
თანათავმჯდომარეები კვლავ აცხადებენ, რომ ყოვლად მიუღებელია ადამიანური მსხვერპლი. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს გარდაცვლილების, ომის ტყვეებისა და დაკავებულების დაბრუნება და სთხოვენ მხარეებს, სასწრაფოდ შეთანმხდნენ ცეცხლის შეწყვეტის შემოწმების მექანიზმზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ზორაბ მნაცაკანიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯეიჰუნ ბაირამოვთან საუბრის შემდეგ თანათავმჯდომარეები მუშაობენ მხარეებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარების პროცესის არსებით საკითხებზე, რათა მოლაპარაკების გზით მიაღწიონ პრობლემის გადაწყვეტას.
ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერიდან მიმდინარეობს. სამხედრო შეტაკებებისას დაიღუპნენ მოქალაქეები, ასევე, დაიბომბა დასახლებული პუნქტები.
აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ოქტომბერს გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რეგიონები დაბომბეს.