"კარტოგრაფების საქმის" მასალები დღეს ნატალია ილიჩოვას ერთერთ ადვოკატს, გიორგი მახარაძეს, გადაცეს. მეორე ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე კი, შოთაძის უწყებაში ამ დრომდე რჩება და საქმის მასალებს ეცნობა.
საქმეში ამ დრომდე, ზურაბ ნოღაიდელის გარდა, არცერთი სხვა მაღალჩინოსნის ჩვენება არ დევს. არსებული ინფორმაციით, უწყებას სხვა მაღალჩინოსნები არც გამოუკითხავს.
"თუ ვამბობთ, რომ ივანიშვილისგან იყო ეს დავალება მიღებული, ჩვენ ველოდებით, რომ მისი დაკითხვის ოქმიც იქნება საქმეში. გარდა ამისა, ღარიბაშვილიც ფიგურირებს საქმეში და მისი ჩვენებაც საინტერესოა. ჩვენ ველოდებით. დაცვის მხარე რა სამართლებრივ ქმედებას განახორციელებს, ეს ცალკე საკითხია. მე იმედი მაქვს, რომ თვითონ გამოძიება მიიღებს ზომებს", - ამბობს ნესტან ლონდარიძე.
"კარტოგრაფების საქმეში" ახალი ჩვენებები არქიმანდრიტ ილარიონს და მესაზღვრეს ეკუთვნით. ჩვენებების შინაარსი ამ დრომდე უცნობია. ადვოკატებს საქმის მასალები რამდენიმე წუთის წინ გააცნეს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.
2020 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.