საფრანგეთში ათასობით მოქალაქე ისტორიის მასწავლებლის მკვლელობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ქუჩებში ათასობით მოქალაქე, რუსეთში დაბადებული ჩეჩენი ტერორისტის აბდულ ანზოროვის მიერ, ფრანგი მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელობას აპროტესტებს.

საყურადღებოა ისიც, რომ საფრანგეთში 14 ოქტომბრიდან COVID-19 პანდემიის გამო კომენდანტის საათი დაწესდა, თუმცა, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის, პარიზის, ლიონის, ტულუზის, სტრასბურგის და მარსელის ქუჩები მშვიდობიანი დემონსტრანტებით გაივსო.

"ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჩვენი აქ დგომა სწორედ ამას შველის", - ამბობს ერთ-ერთი ფრანგი დემონსტრანტი.

მოქალაქეებთან ერთად აქციებზე პოლიტიკოსები, ადამიანის უფლებათა დამცველები და დაღუპული ისტორიის მასწავლებლის კოლეგები დგანან.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჟან მიშელ ბლანკემ მოქალაქეებს მკვლელობის ფაქტზე სოლიდარობის გამოცხადებისკენ მოუწოდა. ასევე, პროტესტს შეუერთდნენ საფრანგეთის პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრიც. ელისეის სასახლემ - საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციამ, ოთხშაბათისთვის ეროვნული შეკრება დაანონსა.

"მე ვდაგავარ აქ მასწავლებლებისთვის, სეკულარიზმისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ", - თქვა მარლენ შიაპამ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

ფრანგები პროტესტს პლაკატებზე წარწერით - "მე ვარ სამუელი" და "მე ვარ შარლი" უერთდებიან, რითაც მასწავლებლის მკვლელობასა და  "შარლი ებდოზე" ტერორისტულ თავდასხმას შორის პარალელს ავლებენ.

საყურადღებოა ფაქტი, რომ პარიზში 2015 წელს მომხდარ თავდასხმაზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ჟურნალს "შარლი ებდოს" თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი მოკლეს. ამ ფორმით ტერორისტულმა სამყარომ ჟურნალის მთავარ გვერდზე დაბეჭდილ მუჰამედის კარიკატურას უპასუხა. 2015 წლის თავდასხმის შემდეგ Charlie Hebdo-მ ოფისი დაცალა და ახალ შენობაში გადავიდა.

ერთ-ერთი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, სამი კვირის წინ ჟურნალის ყოფილ ოფისთან თავდამსხმელმა 2 ადამიანი დაჭრა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი