რუსეთი საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ქვეყანა აღარ არის. ის ჩინეთმა ჩაანაცვლა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ჩინეთში საქართველოდან საექსპორტოდ გატანილი პროდუქციის მთლიანი ღირებულება, გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა და რუსეთის მაჩვენებელს 63 მილიონი აშშ დოლარით გადაასწრო, რაც ნიშნავს რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული პროდუქტი ჩინურ ბაზარზე გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის, ადგილობრივი ექსპორტის 2020 წლის კვლევაში წერია.

ცნობისთვის, საქართველოდან რუსეთში ექსპორტის შემცირების მიზეზი, რუსეთში COVID-19-ის კრიზისის შედეგად შემცირებული ექსპორტ-იმპორტია.  ზოგადად კი, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, რუსულმა ეკონომიკამ 2020 წელს დიდი კრიზისი და რეცესია განიცადა.

საქსტატის მიხედვით კი, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ჩინეთის და რუსეთის შემდეგ, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა, შვეიცარია, სომხეთი, ესპანეთი, აშშ და აზერბაიჯანია. ჩინეთის გარდა, ექსპორტის რაოდენობამ თითეულ ამ ქვეყანაში, 2019 წელთან შედარებით, კლება აჩვენა.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტზე სპილენძის მადანი და ფეროშენადნობები  გავიდა. ყურძნის ნატურალური ღვინოები კი, საქართველოდან ექსპორტზე გატანილ პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იკავებს. 

2019 წელთან შედარებით, წელს საქართველოდან ღვინის საერთო ექსპორტი, მათ შორის რუსეთში, 9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.

საერთო ჯამში, საქსტატის თანახმად, საქართველოდან სხვა ქვეყნებში გატანილი საექსპორტო საქონლის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 12%-ით შემცირდა და თითქმის, 2018 წლის მონაცემს გაუთანაბრდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა და 2019 წელს, რეკორდულ მაჩვენებელს - 500 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 

აქვე ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭირვალობის 2020 წლის 4 მაისის კვლევის თანახმად, რუსეთზე განსაკუთრებით პრობლემური ეკონომიკური დამოკიდებულება ქართული ღვინის ექსპორტში შეიმჩნეოდა. მესამე სექტორის აზრით, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთმა ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები არერთხელ გამოიყენა.

 

ავტორი: მარიტა ნარსია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი