დავით ხიდაშელის ახალი ჩვენების თანახმად, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, მას 2019 წლის სექტემბერში და ხიდაშელი ვერ აზუსტებს კონკრეტულ დღეს, დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილი და დახმარება სთხოვა, რადგან ივანიშვილმა იცოდა, რომ ხიდაშელი იძიებდა კარტოგრაფიულ რუკებს.
"სატელეფონო საუბარში ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახლემწიფო საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავხმარებოდი შესაბამისი რუკების მოძიებაში, ვინაიდან მან იცოდა, რომ მე უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული კარტოგრაფიული საქმიანობით. ჩვენი საუბარი იყო მხოლოდ ზოგადი ხასიათის, შესაბამისად, ჩემთვის უცნობი დარჩა კონკრეტულად რა საარქივო მასალის მოძიება იყო საჭირო" - ვკითხულობთ ხიდაშელის ჩვენებაში.
ამავე ჩვენების მიხედვით, ხიდაშელმა გამოკითხვის დროს გამოძიებას არ უთხრა, რომ თავდაპირველად რუკების მოძიებაში დახმარება ივანიშვილმა მას სთხოვა.
"გამოძიებისთვის არ განმიცხადებია, რომ თავდაპირველად დახმარება რუკების მოძიებაში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილის საკონტაქტო მონაცემების გარდა არაფერი უცნობებია და ვთვლიდი, რომ აღნიშნულ საკითხს გამოძიებისთვის არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს" - წერია დავით ხიდაშელის ჩვენებაში.
მისსავე ჩევენაბში წერია, რომ მას განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებისთვის არ უფიქრია და აქვე წერს "აღნიშნულ საკითხზე, პროკურატურას ჩემთვის არ დაუსვამს კითხვა".
შეგახსენებთ, ეს არ არის დავით ხიდაშელის პირველი ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მას არც ბიძინა ივანიშვილი უხსენებია.
ცნობისთვის, კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ მისი მთავარი მოწმე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ხელმეორედ 17 ოქტომბერს გამოკითხა
გუშინ ე.წ კარტოგრაფების საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მივიდა მინდია ჯანელიძეც.
აქვე შეგახსენებთ, ე.წ კარტოგრაფების საქმეზე, აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი