პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეებით გადატვირთული მეტრო "სადურის მოედნის" ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მთავრობამ ბარების და რესტორნები აკრძალა, ხალხი კი მეტროს მიაწყდა.
"ეს ხდება მეტროში. მთავრობამ ბარები და რესტორნები აკრძალა და ეს ხალხი მიაწყდა მეტროს. ასე იცის ხელისუფლების უთავბოლობამ და ვითომ რაღაცის კეთებამ. მეტროზე გამახსენდა და რას შვება ქალაქის მერი ქუჩებს არ რეცხავს "პაკაზაწელნა"?" - წერს ალეკო ელისაშვილი.
პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ფოტო დღეს, 20 ოქტომბერს პიკის საათის დროსაა გადაღებული. სოციალურ ქსელში გადატვირთული მეტროს ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ოქტომბერს ქვეყანაში კი ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილია 15 ადამიანი. მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბერს თბილისისა და იმერეთში 22:00 საათის შემდეგ რესტორნების და გასართობი დაწესებულებების მუშაობა აიკრძალა. დღეს მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მცხეთაზეც გავრცელდა.