"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ზუგდიდში მომხდარი ძარცვის ფაქტს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ დამნაშავე თავისუფლად გადაადგილდება, უდანაშაულო ადამიანები კი - ციხეში სხედან. ამ თემაზე დეკანოიძემ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

"ის, რომ ზუგდიდში დღისით, მზისით, გადაადგილდება კბილებამდე შეიარაღებული, "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატით მოსიარულე ადამიანი, ხელყუმბარით ხელში, ნიღბით ჯიბეში, შედის, ძარცვავს, მძევლად იყვანს ადამიანებს და ამ დროს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ციხეში", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციელი პირველი ადამიანია, ვინც სახელმწიფოს წარმოაჩენს. ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" მძარცველმა კი, სამხარეო პოლიციის უფროსი სიმბოლურად წაიყვანა და საზოგადოებამ დამნაშავის ვინაობა დღემდე არ იცის.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი კატეგორიულად უარყოფს, რომ თავდამსხმელს ფული ბიუჯეტიდან მისცეს მისი თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი