"ოცნების" ყოფილი დეპუტატი და ამჟამად პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თამარ ჩუგოშვილი, Facebook-ზე წერს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს, ვერც ამომრჩეველი და ვერც საერთაშორისო პარტნიორები გაიგებენ. ამასთან, ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მარტო დატოვება პარლამენტში, ყოველგვარი ოპონირების გარეშე, "მძიმე შეცდომა იქნება".
"2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები ან გაბათილდეს იმ კონკრეტულს უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერ-ჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს.
ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები.
პარლამენტში არ შესვლა კი, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა ვიდრე ოდესმე.
ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად უბრალოდ იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტობრის დღე მძიმე შეცდომა იქნება", - წერს ჩუგოშვილი.
აქვე შეგახსენებთ, ძირითადი პროდასავლური ოპოზიცია უარს ამბობს საპარალამენტო მანდატებზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
დღეს ამის შესახებ ბრიფინგი გამართა "ევროპულმა საქართველომ" - ისინი უარს ამბობენ მეორე ტურებში მონაწილეობასა და მანდატებზე. ცნობილია ისიც, რომ "ევროპული საქართველოს" გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". უარი თქვა მანდატებზე "ლეიბორისტულმა" პარტიამაც. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "პუტინმა, რუსი ოლიგარქის მეშვეობით, თავზე დაგვახმო ქვეყანა და შედეგები - რომელიც არალეგიტიმურია" .
ახალი მოწვევის პარლამენტში სავარუდოდ შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ასევე - ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი".