"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა, დღეს, 7 საათზე, პარლამენტთან აქციას აანონსებს. ამის შესახებ უგულავა Facebook-ზე წერს.
"პირველად საქართველოს ისტორიაში, როცა საზოგადოებრივი კონსესუსია გაყალბებაზე, არცერთი პოლიტიკური ძალა არ აპირებს პარლამენტში შესვლს, რადგან ეს დღეს პირდაპირ ოცნებაში შესვლას ნიშნავს. მე მესმის მათი, ვინც შესვლის მომხრეა, ოდნავ ნორმალურ ვითარებაში ასეა, მაგრამ დღეს შექმნილია სრულიად არანორმალური ვითარება, საიდანაც გამოსავალი ან ახალი ცსეკოთი რიგგარეშე არჩევნებია, ან ჩრდილოეთ კორეასავით მარტოდ დატოვებული ოცნება, რომელიც დიდ ხანს ვერ გაძლებს და მაინც არჩევნები მოუწევს. ერთპარტიული ჯამახერეა საქართველოში დიდი ხანი ვერ ძლებს. ესეც ჩვენი გამოცდილებაა. ასე რომ ყველას გელით 7 საათზე პარლამენტთან ნამდვილ ინტერპარტიულ, თავისუფალ ადამიანთა თავყრილობაზე", - წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, ძირითადი პროდასავლური ოპოზიცია უარს ამბობს საპარალამენტო მანდატებზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
დღეს ამის შესახებ ბრიფინგი გამართა "ევროპულმა საქართველომ" - ისინი უარს ამბობენ მეორე ტურებში მონაწილეობასა და მანდატებზე. ცნობილია ისიც, რომ "ევროპული საქართველოს" გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". უარი თქვა მანდატებზე "ლეიბორისტულმა" პარტიამაც. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "პუტინმა, რუსი ოლიგარქის მეშვეობით, თავზე დაგვახმო ქვეყანა და შედეგები - რომელიც არალეგიტიმურია" .
ახალი მოწვევის პარლამენტში სავარუდოდ შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ასევე - ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი".