კომისიებისგან კანონდარღვევას და სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დაშვებას მოითხოვენ - ცესკო

გამოქვეყნდა:

ცესკოს HR გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების თანამშრომლებს მუშაობა ზეწოლის ფონზე უწევთ. კალანდარიშვილის თქმითვე, ცესკოს თანამშრომლებისგან პოლიტიკური პარტიები და მაჟორიტარები ითხოვენ კანონის დარღვევით არაუფლებამოსილი პირების დაშვებას სხდომებზე. ამის შესახებ მან ცესკოს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა, საოლქო საარჩევნო კომისიებს, ზეწოლის ფონზე უწევთ, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, იციან სამართლებრივად, ვინ არის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების მქონე უფლებამოსილი პირი, მაგრამ ისინი კომისიებისგან მოითხოვენ კანონის დარღვევას და არაუფლებამოსილი პირების დაშვებას სხდომებზე.  - თქვა "ცესკოს" HR-მა, გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს HR-მა ასევე თქვა, რომ სარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს და ცდილობენ საარჩევნო პროცესის ჩაშლას. 

"მათ, ყველას პარტიას ჰყავთ წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია დაესწროს სხდომას, მიუხედავად ამისა, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის ჩაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას." - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი კალანდარიშვილმა დაფინანსებული უწოდა "გაყალბებული ოქმების" ფეისბუქ გვერდს.

გუშინდელიდან "ცესკოს" სახელით განცხადებებს ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი, გიორგი კალანდარიშვილი აკეთებს. 

შეგახსენებთ, არჩევნები საქარათველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, ცესკომ არჩევნების შედეგები გააყალბა. ოპოზიციურმა პარტიებმა სრული შემადგენლობით უარი თქვეს მოპოვებულ მანდატებზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი