"ელექტროშოკების საქმეზე" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე, იმ დამკვირვებლებსაც, რომლებმაც საარჩევნო დარღვევებზე ღიად ისაუბრეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას", სუს-თან ერთად, დამკვირვებლებზე დევნა გაცილებით ადრე ჰქონდათ დაწყებული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით, გამოძიება 1 თვის წინ დაიწყო - იმაზე ადრე, ვიდრე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებზე ისაუბრა, რაც ბადებს ეჭვს, რომ სუს-ს პოლიტიკური ოპონენტების დევნა გაცილებით ადრე ჰქონდა დაგეგმილი.

"სუს-მა გააკეთა განცხადება, რომ გარკვეული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყეს გამოძიება. და აი ამ ინფორმაციის და გამოძიების ფარგლებში დაიწყეს ამ პირების დაბარება და დაკითხვა. ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა ყოფილიყო ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც დაიწყებდნენ გამოძიებას და მოახდენდნენ იმ პირებზე ზეწოლას, რომლებიც დააფიქსირებდნენ უბნების დარღვევას. ეს არის ერთგვარი დადგმული სცენა, ეს არის სახელმწიფოს ერთგვარი ბერკეტი, განახორციელოს ზეწოლა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, რომლებმაც დააფიქსირეს დარღვევები", - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური. 

ირაკლი კობახიძემ სუს-ს ორი დღის წინ გადასცა იმ ადამიანების სია, რომლებიც, მისი მტკიცებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე დესტრუქციულ ქმედებებს ელექტროშოკებით გეგმავდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება სუს-მა 1 ოქტომბერს დაიწყო, ირაკლი კობახიძემ კი, საქმე 30 ოქტომბერს გაახმაურა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა სახემ, ირაკლი კობახიძემ, ე.წ. გადატრიალების გეგმის ავტორებად მიხეილ სააკაშვილი, დიმიტრი შაშკინი და დევი ჭანკოტაძე დაასახელა. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი