ოპოზიციაში აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის დაკავებას "ოცნების" რეპრესიებს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნის იარაღად იყენებს.
"ეს ორი ადამიანი დღეს არიას ივანიშვილის ჩვეუელებრივი პოლიტიკური მძევალი. ის რაც გუშინ ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ ამას ამორალობა არ ჰქვია უბრალოდ. როგორ შეიძლება ადამიანური ტრაგედია გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის. ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, რომ შეინარჩუნონ ძალუფლება, სწორედ ამ უკანონობას ვაპროტესტებთ ჩვენ, რომელიც მალე უნდა დაასრულოს ქართველმა ხალხმა", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, "ენმ"-ს ერთერთი ლიდერი.
ხელისუფლების ოპონენტებს არ სჯერათ დაკავებული პირებისთვის წაყენებული ბრალდებების და სიტუაციას კარტოგრაფების საქმეს ადარებენ.
"ეს ყველაფერი უკვე 30-იან წლებს ემსგავსება, როცა ადამიანებს ყოვლად გაუგებარი ბრალდებებით იჭერდნენ. მე ორივე ადამიანს კარგად ვიცნობ, ისევე როგორც ვიცნობდი გარდაცვლილს, ისინი არიან ახლო მეგობრები და ძნელად წარმომიდგენია, რომ კაკო ხუსკივაძეს რამე დაეშავებინა გარდაცვლილისთვის, ან რაიმე სახის შატნაჟი გამოეყენებინა, ეს არის დაახლოებით იგივე, რაც ხდება კარტოგრაფების საქმეზე", - თქვა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ლევან თარხნიშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო .
ხუსკივაძე საბურთალოს პოლიციაში დაკითხვაზე გუშინ დაიბარეს, გაჩხრიკეს მისი ავტომანქანა და სახლი, ამოიღეს ტელეფონები და იქვე დააკავეს.
გობეჯიშვილის ტრაგედიას "ქართული ოცნება" პოლიტიკური განცხადებებით გამოეხმაურა. განცხადება პარტიის სახელით, ახალმა სახემ, გიორგი ხელაშვილმა გააკეთა, რომელმაც ოპოზიცია გობეჯიშვილზე ზეწოლაში დაადანაშაულა.