"Human Rights Watch"-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია, წერს, რომ ხელისუფლებამ წყლის ჭავლის გამოყენებით ადამიანის გამოხატვის უფლება და შეკრების თავისუფლება დაარღვია.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების საჭიროება არ იყო.
"იქიდან, რაც მე ტელევიზიით დავინახე, სპეციალური საშუალების გამოყენების წინ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. რა საფრთხეს წარმოადგენდნენ დემონსტრანტები, არ ჩანდა. შესაბამისად, გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენების საფუძველი მე ვერ დავინახე. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ყოფილიყო გაფრთხილება. თუ გაფრთხილება არ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო რაღაც საჭიროება. საჭიროების გარეშე მისი გამოყენება არღვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას", - წერს გიორგი გოგია.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს.
შს მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.
მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კონსიტიტუციური უფლების დარღვევად შეაფასა.
"სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია, რომ წყლის ჭავლი უსაფუძლოდ იქნა გამოყენებული, რადგან აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას.
წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა, რომელიც ამბობს, რომ "როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას!"