ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებას ძალადობად აფასებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მისი თქმით, ცივ ამინდში, ცივი წყლის გამოყენება, პანდემიის კონტექსტში, პოლიციის მხრიდან არასათანადო და არაადამიანური ქმედებაა.

"მთლიანად პასუხისმგებლობას, აი ამ შექმნილი უკიდურესად მწვავე კრიზისის კიდევ უფრო ჩიხში შეყვანის თავლსაზრისით, ვაკისრებ ხელისუფლებას იმიტომ, რომ მთელი ერთი კვირის განმავლობაში პარტიები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიმართავდნენ სამართლებრივ გზებს, რომ იმ ლეგიტიმურ მოთხოვნებს და კითხვებს გასცემოდა პასუხი, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც იყო. დღეს იყო მშვიდობიანი აქცია", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური მოლაპარაკებების მზაობაზე დღეს მმართველი პარტიისგან ცინიკური პასუხი მიიღო, ამიტომ დღეიდან კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს. 

შს მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.

მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კონსიტიტუციური უფლების დარღვევად შეაფასა.

"სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია, რომ წყლის ჭავლი უსაფუძლოდ იქნა გამოყენებული, რადგან აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი