ამერიკის საელჩო საქართველოში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
წარმმადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემონსტრაცია აშშ-ს საელჩოსთან ახლოს მიმდინარეობს, სადაც პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმს იყენებს.
"აშშ-ის წარმომადგენლობა, მოერიდოს ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას და პოლიციით მასშტაბურად მოცულ ნებისმიერ ადგილს, რაც შეიძლება, ძალადობის და მასობრივი შეკრების ინდიკატორი იყოს. ისინი, ვინც საპროტესტო აქციის მახლობლად მდებარე სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა საწესებულებებში იმყოფებიან, ხალხის დაშლამდე შენობაში უნდა დარჩნენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საპასუხოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება გაგრძელდეს აქციები და საპროტესტო გამოსვლები.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს.
შს მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.
მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კონსიტიტუციური უფლების დარღვევად შეაფასა.
"სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია, რომ წყლის ჭავლი უსაფუძლოდ იქნა გამოყენებული, რადგან აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას.