ისნის საოლქო კომისიის დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 საათზე გაიმართება. მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავა.
მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.
დღეს კი გაირკვა, რომ კობალაძეს მე-4 მუხლიც დაემატა, რაც საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა-შეძენას გულისხმობს. განცხადება ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააკეთა.
შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე თანხის სანაცვლოდ გობეჯიშვილს, რომელიც ამავე დროს, მათი მეგობარი იყო, აიძულებდნენ თანხის სანაცვლოდ დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. ხუსკივაძე და კობალაძე იმავე საღამოს დააკავეს.
ორივე მათგანი ამბობს, რომ ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებებისთვის დაისაჯნენ, სადაც დეტალურად საუბრობდნენ არჩევნების გაყალბების სქემებზე.
შეგახსენებთ, რომ აკაკი კობალაძემ "მთავარს" ექსკლუზიურ წერილიც გამოუგზავნა, სადაც წერს რომ ივანიშვილის პოლიტპატიმარია.