
საქართველოს პრემიერმინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. საუბარი ყარაბაღში, კონფლიქტის დასრულებას ეხებოდა:
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.
მხარეებმა მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა - ნათქვამია საქართველოს მთავრობის გავრცელებულინფორმაციაში.
ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას ხელი გასულ ღამეს, რუსეთის ფასილიტატორობით, მოეწერა, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა სომხეთში.
მოქალაქეები პრემიერმინისტრს კაპიტულაციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.
საქართველოს პრეზიდენტი კი თვლის, რომ "კავკასიაში ახალი ერა იწყება". სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ ქართველი პოლიტიკოსები.