
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინფორმაციით, 2020 წელს, საქართველოში 4.3%-იანი ეკონომიკური კლებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ IMF მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ, კობა გვენეტაძის ერთობლივი ვიდეოკონფერენციისას გახდა ცნობილი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ეკონომიკური კლების მიზეზად გლობალურ პანდემიასა და მსოფლიოში არსებულ ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ შოკს ასახელებს.
„კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური ცხოვრება. შესაბამისად, ამან უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკასაც. 2020 წელს, ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელია ეკონომიკური კლება 4.5-5.0 %-ის ფარგლებში და ეს იმ ფონზე, როცა საქართველო წინა სამ წელს გადაბმულად ინარჩუნებდა მაღალი, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ტემპს", - ამბობს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი.
ფინანსთა მინისტრის მტკიცებითვე, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება, რაც, მისი თქმით, ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
რის საფუძველზე - უცნობია, რადგან ექსპერტები ეკონომიკურ კრიზისსა და გაუფასურებულ ლარზე საუბრობენ. მათი თქმით, მოსახლეობას მძიმე ზამთარი ელის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის გასაუმჯობესებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და მთლიანობაში $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.