ზაალ დუგლაძესთან გამართული მუშტი-კრივის შემდეგ, ხაშურის მერი სახლში გაუშვეს. გიორგი გურასპაშვილი ამომრჩევლებს Facebook-ით დაემშვიდობა და გადადგომას სწორი და დროული ნაბიჯი უწოდა.
მანამდე, 4 ნოემბერს, "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, ზაალ დუგლაძემ, შეიტყო, რომ არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო და ჩათვალა, რომ გურასპაშვილმა მის სასარგებლოდ არასათანადოდ იმუშავა, ამიტომ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი, სცემეს და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს. თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია ყველა მხარემ კატეგორიულად უარყო.
დღეს, ოპოზიციაში მომხდარზე ამბობენ, რომ ახლა "ოცნება" ცდილობს პარტიული წარუმატებლობა ერთ ადამიანს შეაწმინდოს.
"გაყალბებული არჩევნების შემდგომ, ხაშურის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური სიტუაცია ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნეს პარტნიორის დუგლაძეების კლანმა აიღო ხელში, ფაქტიურად ხაშურის მუნიციპალიტეტის არჩეულ მერს მერობაზე უარი ათქმევინეს, დააწერინეს განცხადება, უფრო მეტიც მას სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. არ არის გამორიცხული, დუგლაძეების მართული რომელიღაც მარიონეტი დასვან ხაშურის მუნიციპალიტეტის მერად", - ამბობს "ენმ"-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბადრი ბასილაშვილი.
თავად გიორგი გურასპაშვილი "ოცნებაში" დაპირსპირებას უარყოფს და კვლავ იმეორებს, რომ დაკავებული პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.
"გარკვევით წერია ყველაფერი, საკმაოდ ვრცლად, შეგიძლაით გაეცნოთ, გამოიტანოთ დასკვნა. - ჩემი გადაწყვეტილებაა და ხომ შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო პირადი, ჩემს საკუთარ თავთან დაკავშირებით", - ამბობს გიორგი გურასპაშვილი.
ხაშურის მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ გიორგი გურასპაშვილი გუშინ სამსახურში იყო და გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღო. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე "მთავარის" კითხვებს ამ თემაზე არ პასუხობს და ამბობს რომ "მთავარს" კომენტარს არ აძლევს.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი გურასპაშვილმა თანამდებობა, გუშინ, 11 ნოემბერს, გვიან ღამით დატოვა, მან ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.