პომპეო: ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც, დემოკრატიზაციის მხარდასაჭერად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოსა და პრემიერის, გიორგი გახარიას შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პომპეომ მთავრობის კანცელარია უკვე დატოვა და საპატრიარქოში გადაინაცვლა. ადმინისტრაცია შეხვედრისას მის სიტყვას ავრცელებს და ამბობს, რომ მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ დემოკრატიზაციის პორეცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.

გმადლობთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის.

ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება.

ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით.

გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. 

 საქართველოში ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან, შეხვედრისას ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.

ასევე, განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი